პირველ აგვისტოს ქართველი დიზაინერი „სმაკის“  პერსონალური მაღაზია ბერლინში ოფიციალურად გაიხსნება. მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება დიზაინერის როგორც ძველი ნამუშევრები, ასევე  ახალი კოლექცია. როგორც დიზაინერი მაია სირაძე   „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განმარტავს, გახსნის დღეს თავად ვერ მოახრეხებს ჩასვლას და ღონისძიებაზე დასწრებას.

„სამწუხაროდ, მაღაზიის გახსნის დროს ვერ ვახერხებ ბერლინში ჩასვლას. ახალი კოლექციისთვის რამდენიმე ნამუშევარი და დეტალი კიდევ მაქვს მოსაგვარებელი. 15 აგვისტოს ვგეგმავ ჩასვლას და მედიის წარმომადგენლებისთვის გავმართავ კონფერენციას. ასევე მინდა გითხრათ, რომ გარდა პერსონალური მაღაზიისა, ბერლინის კიდევ  ორ მაღაზიაში გაიყიდება ჩემი ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანი სექტემბრის დასაწყისში მიკეთებს პერსონალურ გამოფენას, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და  ნახოს „სმაკის“ კოლექცია. “

როგორც მაია სირაძე აღნიშნავს, რამდენიმე თვეში დაგეგმილი იყო საქართველოში მისი მაღაზიის გახსნა, თუმცა ამ ეტაპზე  გადაიდო.

„თითქმის ყველა დეტალი მოგვარებული მქონდა იმისათვის, რომ თბილისში გამეხსნა ჩემი მაღაზია. თუმცა, ამ ეტაპზე მთელი ნამუშევრები ბერლინის მაღაზიებში გავაგზავნე. ამიტომ, ვფიქრობ, სამომავლოდ, როდესაც ყველაფერს მოვაგვარებ ბერლინში,  აუცილებლად გავხსნი მაღაზიას თბილისში.“

რაც შეეხება  გაყიდვებს, „სმაკის“  ნამუშევრები  საქართველოსა და ბერლინის გარდა, იყიდება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

შეგახსენებთ,  დიზაინერს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენასა და მოდის კვირეულში  მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში.  მათ შორის ლონდონში, მილანში, ბელგიაში, გერმანიაში.

მარიამ ლეკიაშვილი

გაზიარება