საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 14 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამისა და ახალშობილი ტყუპის დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა. ამასთან დაკავშირებით მისი სამძიმრის წერილი გავრცელდა.
„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს მურმანის (მიმო), სესილისა და ნიას უკვდავი სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, თქვენ და თქვენი ოჯახის ახლობლებს მოგანიჭოთ მხნეობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრების, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
14 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც დაიღუპა მამა და 6 თვის ტყუპი ჩვილი. ავარიის დროს მანქანაში დედა და ბებიაც ისხდნენ, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.