სოლარიუმი მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა. მაშინ, როცა პოპულარული გახდა “საპლაჟო ცხოვრების წესი”, ხოლო პრიალა ჟურნალებმა ცხელი ქვეყნების აუზის კიდეებზე ჩამომსხდარი საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გარუჯული მოდელებისა და პატარა ქოლგებით მორთული კოქტეილების გაპიარება დაიწყეს. კაცობრიობამ სოლარიუმი მალევე აიტაცა და, დღეს, მის გარეშე ბევრ ადამიანს ცხოვრება უბრალოდ აღარ შეუძლია.
რა თქმა უნდა, გარუჯული სხეული ლამაზი შესახედია, მაგრამ როგორ ზემოქმედებს სოლარიუმი ადამიანის ორგანიზმზე?-ამის შესახებ დღემდე ბევრს მსჯელობენ. „თბილისი თაიმსმა“ აზრი მამოლოგ კახაბერ ბარამიძეს ჰკითხა.
,,სოლარიუმი ჩემთვის მიუღებელია, გაძლიერებული ბუნებრივი თუ ხელოვნური ინსოლაცია ენდოკრინული სისტემის აქტივირებას იწვევს, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. არ მინდა სილამაზის წინააღდმეგი ვიყო, მაგრამ იქაც ხომ ზღვარი არსებობს, დაცულობის მექანიზმი უნდა არსებობდეს. სოლარიუმებში სარძევე ჯირკვალზე დაცვის ფირფიტებს არ გამოიყენებენ, ამ დროს რეპროდუქციული სიტემა დარტყმის ქვეშაა, შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე სახიფათო დაავადებაა-მელანომა განვითარდეს. ზომიერად გარუჯვა შეიძლება, მაგრამ თავის დამწვრობამდე მიყვანა არა.“ – მამოლოგი კახაბერ ბარამიძე.
გარდა იმისა, რომ სოლარიუმის ხშირმა სტუმრობამ ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სოლარიუმში გარუჯვა საერთოდ არ შეიძლება.
სოლარიუმი რეკომენდებული არ არის:
მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;
მათთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა აქვს – ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი მელანომის განვითარების რისკს ზრდის;
ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;
მაღალი არტერიული წნევის დროს;
გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;
ასთმის დროს;
ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;
ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;
შარდსასქესო დაავადებების დროს;
მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;
ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით – ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.
და მაინც, მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა.
ნინო ზარიძე