შემცირებები ალბათ, იქნება, მაგრამ ძირითადად, არასპეციფიკური მიმართულებით, რაც ყველა დაწესებულებას ერთი და იგივე აქვს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამინისტროში რეორგანიზაცია გარდაუვლად იგეგმება, მაგრამ თავისი შინაარსით, რეორგანიზაცია კადრების შემცირებას არ ნიშნავს, ისევე – როგორც ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია აუცილებლად იქნება, რადგან იქნება დუბლირებული ფუნქციები, მაგრამ დუბლირების აღმოფხვრა იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები მასიურად შემცირდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამ განცხადებით დავით სერგეენკომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ცვლილებები იგეგმება გაერთიანებულ სამინისტროებში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში და მოხდება თუ არა კადრების შემცირება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არის არითმეტიკული, მექანიკური შეერთება, მაგრამ სამი თვის განმავლობაში დაიხვეწება და ფუნქციების ისეთი ინტეგრირება მოხდება, როგორიც უკეთეს შედეგს მოიტანს.

გაზიარება