ბოლო დროს გავრცელდა ლაქის გაკეთების ყველაზე კარგი ალტერნატივა – შილაკი, რომელიც, როგორც ცნობილია ორი კვირა არ კარგავს თავდაპირველ სახეს. ის გოგონებში ძალიან მოთხოვნადია, რადგან გადატვირთული გრაფიკის დროს მოსახერხებელია. შილაკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ სპეციალისტი – ნონა ტყეშელაშვილი ესაუბრა.

ზოგადად რა არის შილაკი და რამდენად უსაფრთხოა ფრჩხილებსთვის?

– შილაკი ლაქის შესანიშნავი საშუალება, ის მათთვისაა, ვისაც ფრჩხილების იდეალური საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს. შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ კეთდება სპეციალური ხელსაწყოებით და აპარატებით. მისი ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით. საფარი პოლიმერიზდება და მყარდება მხოლოდ სხივების ზემოქმედებით. ასევე შილაკი ფრჩხილის გაზრდის კარგი საშუალებაა, რადგან ფრჩხილი მყარდება და მარტივად არ ტყდება. სრულიად უსაფრთხოა და არ აზიანებს სტრუქტურას თუ წესების დაცვით იქნება გაკეთებული.

რა პერიოდულობით უნდა გაკეთდეს პროცედურა, სჭირდება თუ არა ფრჩხიებს „დასვენება“?

ფრჩხილებს დასვენების საშუალება უნდა მივცეთ. თუ რეგულარულად იკეთებთ შილაკს, საუკეთესო იქნება, სამ თვეში ერთხელ, ერთი კვირით, დაასვენოთ ფრჩხილები და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან სამკურნალო საფარზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.

უკვე ძალიან ხშირია აღნიშნული მომსახურება, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შილაკი არის ხარისხიანად გაკეთებული?

კი ძალიან ხშირია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციას, გააჩნია რა პროდუქციით მუშაობს სპეციალისტი. კარგად გაკეთებული შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს. ერთადერთი, რაც მანიკიურის “ხანდაზმულობას” გასცემს, ფრჩხილის ფირფიტის ფუძესთან ფრჩხილის წამოზრდილი ნაწილია.

რა რეკომენდაციებს მისცემთ ვინც ხშირად იკეთებს შილაკს….

– ფრჩხილები სტილის ნაწილია, მოვლილი და ლამაზი ფრჩხილებისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ სალონში სიარული. საკმარისია, სწორად შეარჩიო პროდუქტები და ფრჩხილებს ცოტა დრო დაუთმო. მათ ვინც ხშირად იკეთებს შილაკს, მიაქციონ ყურადღება პროდუქციას, რამდენად ხარისხიანია, დაბალი ხარისხი, რა თქმა უნდა, აზიანებს ფრჩხილს.

მარიამ ხუციშვილი

 

 

 

 

 

გაზიარება