საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტს აქვეყნებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კორპორაციული მართვის კოდექსი განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, მათ დამოუკიდებლობას, როლსა და ფუნქციებს, საბჭოს კომიტეტებს, დირექტორატს, რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და ანაზღაურების სტანდარტებს.

დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება დღეს არსებულ ძირითად სახელმძღვანელოებს, ევროკავშირის რიგ დირექტივებსა და იმ ქვეყნების პრაქტიკას.

“სტანდარტები, მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის “კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების სახელმძღვანელოს”, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპების დოკუმენტს, ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA -European Banking Authority) რეკომენდაციებს”, ნათქვამია ინფორმაციაში.

კორპორაციული მართვის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე – სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 26 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გაზიარება