თელავში ტერიტორიული რეზერვის პირველ რეგისტრირებულებს ფიზიკური მომზადების ტესტირება საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ჩაუტარდათ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 18-დან 50 წლამდე მოქალაქეებმა რეზერვში მისაღებად წელბჯენიდან აზიდვა, პრესი და 3200 მეტრზე სირბილი ჩააბარეს.

ფიზიკური მომზადების ტესტების ჩაბარების შემდეგ რეზერვისტები ფსიქოლოგიურ ტესტს და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ისინი ტერიტორიულ რეზერვში 1 ოქტომბრიდან ჩაირიცხებიან.

„ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, ხოლო სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ​“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Please follow and like us: