7 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა – „ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.სიტყვით ასევე წარსდგებიან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფი პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი), ლიეტუვისა (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი) და ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას.

ღონისძიების მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, ასევე უკრაინის ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკანონო ოკუპაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს.

მრგვალი მაგისი მონაწილეები განიხილავენ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკასა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულების მნიშვნელობაზე.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდგომ საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის.

საქართველოში ვიზიტს ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გაზიარება