განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური გრიფირების საკითხს სწავლობს.
სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას არსებული ხარვეზების შესახებ.
“მინისტრმა, ფაქტობრივად თანამდებობაზე დანიშვნისთანავე და არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ გრიფირების პროცესში ჩანდა და ჩანს მნიშვნელოვანი ხარვეზები. სამწუხაროა, რომ პროცესის საბოლოო ეტაპამდე არ ხდებოდა პრევენცია. ამ საკითხს სწავლობს აუდიტი და ყოველდღიურად სამინისტრო იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების შესახებ, თუმცა შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. განათლების სამინისტროს ახალი მენეჯმენტი გამოთქცამს მზაობას, რომ იყოს აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იგეგმება შეხვედრა გამომცემლებთან, რომ და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ყველა მხარისგან. არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხის გარეშე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წელს, ყველა შემთხვევაში, მოსწავლეებმა გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები უნდა მიიღონ სკოლებში”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში და დასძენე, რომ ასევე გრძელდება სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხის განხილვა საგნებში, რომელიც წელს პირველად დაინერგება – „მე და საზოგადოება“, „ჩემი საქართველო“.
საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით; გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისათვის. იგი აკმაყოფილებს გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გარკვეული ვადით მინიჭებული აქვს გრიფი. ამით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში გამოიყენება, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი.