მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – “ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ”, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით.

„2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძაფრი და მძიმე თუნდაც ადამიანური მსხვერპლის შედეგით. ამ ომს მოყვა გაუგონარი და უსამართლო მცდელობა იმისა, რომ მსოფლიოს გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები გამოაცხადოს.

მინდა მადლობა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიურ კორპუსს და აგრეთვე ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის ეს მცდელობა, რომ იმიჯური ომი მოიგოს, ჩაიშალა. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ნიშნულები არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად.

” მეორე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით. შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ცდილობდა იმ განცდის მიღწევას, რომ ეს შესაძლებელია ერთი ლუკმით ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდალკვალ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

გაზიარება