რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპიკერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„10 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ოთხი სახელმწიფოს მიერ მიუღებელია.
გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ქვაკუთხედად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. გერმანია გააგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM მხარდაჭერას და სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღონისძიებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლითაც გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების პირობები ვაჭრობის, განათლების მიღების და მობილურობის გამარტივების გზით,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება