პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე შესაბამის უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციისა და ნარკომანიის სენით დაავალდებულ პირთა მკურნალობის მიზნით, პროგრამების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრი კანაფის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შესაბამისი, პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება.

“ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა დაცული იყოს უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის პარლამენტის აქტიური ჩართულობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავალდებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის ქმედითი პროგრამები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება