„საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი და განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.
ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.