აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს სათანადო გეგმა, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან მუდმივი კონსულტაციები იმართება.

„ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს. მათ აქვთ სათანადო გეგმა, რომ სტაბილურობა უზრუნველყონ და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი იქნება მიღწეული“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კურსთან მიმართებაში უარყოფითი ტენდენციების მიზეზებზეც ისაუბრა.

„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც ჩვენთვის სახარბიელო იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო დღეებში ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია. ბლუმბერგის ტერმინალის ბოლო მონაცემებით კი, დოლარის კურსი 2.6 ლარს აღწევს.

გაზიარება