საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა–ბაღების კეთილმოწყობის მიზნით დროული და კომპლექსური ღონისძიებების გატარების  რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.  კერძოდ:

  • ხშირად, ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ;
  • ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ; ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა;
  • ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები. ზოგადად, ეზოების კეთილმოწყობის პრობლემა ყველა ბაღში დგას;
  • ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები;
  • საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას;
  • არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, გადაუდებლად განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა და მოწესრიგება, სათანადო ინვენტარით აღჭურვა და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად.

გაზიარება