აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში, რუსეთის შუამავლობით, რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

გაზიარება