პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, როგორი დამოკიდებულება იქნება ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შესაცვლელად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ხშირად ზიანდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი გამოსაცვლელია.
„რადგან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, მინდა, ერთ თემას შევეხო. ეს არის ვარაზისხევი. იქ ქვაფენილი ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვისაც.
მინდა ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, ქვაფენილის მაგივრად გაკეთდეს თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი. ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას.
მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.
შესაძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება, საფეხმავლოების გაფართოება, ამის შესაძლებლობას იძლევა ეს გზა. მიწისქვეშა კომუნიკაციები შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია, იმუშავეთ ამ მიმართულებით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ძალიან მალე“, – მიმართა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს.