თელავში, სოფელ კისისხევში გიორგი ლაცაბიძემ მარწყვის ქართული სელექციით მიღებული ჯიში გამოიყვანა. როგორც თავად ამბობს, მარწყვს ანანასის გემო და არომატი აქვს. ფერმერმა მარწყვს მეუღლის პატივსაცემად, „მარიანასი“ დაარქვა. ამის შესახებ ლაცაბიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„მთავარი თვისება, რაც მას ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ ერთი ერთში აქვს ანანასის გემოც და სუნიც. მინდა, აქვე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია. მესმის, რომ ანანასს თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს და სუფრებზე გამორჩეულ ადგილს იკავებს მისი ფორმისა და სილამაზის გამო, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მისი, გარკვეულწილად, შემცვლელი მარწყვის ჯიში, რომლის წყალობით, მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება, ვაწარმოოთ ქართული ანანასი, დიდი მიღწევაა სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო სივრცეში. თუმცა, რეალური მიღწევა მაშინ იქნება, როცა მისი ბაღები გაშენდება და მყიდველი მოსახლეობაც პოზიტიურად შეხვდება“ – ამბობს გიორგი ლაცაბიძე.
ლაცაბიძის თქმით, მარწყვის ახალი ჯიშის გამოყვანის დროს არ გამოუყენებია გენური ინჟინერია, ეს ჯიში მიიღო სელექციური მუშაობის წესების დაცვითა და ხელოვნური გადარჩევით.