პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული.

მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, მკაცრი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს.

„ჩემი პოზიციაა, უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგლამენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს. ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა, 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საჯარო მოწევაზე უნდა დაწესდეს კონკრეტული აკრძალვები.

„გარდა ამისა, მინიმუმ უნდა შეეხოს აკრძალვები, რაც ეხება თამბაქოს, ანუ საჯარო ადგილებში მოწევაზეა საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. ასევე, გარკვეული პროფესიების მიმართ მაგალითად, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას – ექიმი, მძღოლი და ა.შ, რომელთა ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელია, საჭიროა კონტროლი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, არსებული რისკების შესახებ მომავალ თაობას ნათელი მესიჯები უნდა მიეცეს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში თანხები უნდა ჩაიდოს. ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ მოთხოვნას სექტემბერში, ბიუჯეტის განხილვის დროს დააყენებს.

გაზიარება