საქართველო ნიჭიერი ადამიანების სამშობლოა. აქ თითოეული ეპოქა ბადებს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რომლებიც შემდგომ მსოფლიოს აღფრთოვანებას ახერხებენ. ჩვენი გენიალური საზოგადო მოღვაწენის კვალდაკვალ თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან და ცდილობენ გაუსწრონ იმ დროს, რომელშიც ცხოვრობენ. მათ ბევრი კრიტიკა ხვდებათ გზად. ზოგი ჯანსაღი და ზოგიც არაჯანსაღი, მაგრამ ისინი ცდილობენ თავიანთი ნიჭისა და ინტელექტის წყალობით არ დარჩნენ ჩრდილქვეშ და გაიკაფონ წარმატებისკენ მიმავალი გზა.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ტატა ბლიაძე, რომელსაც უკვე აქვს თავისი განსაკუთრებული სტილი და განსხვავებული მიმდინარეობა.
როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედება, გაიხსენე ბავშვობის ყველაზე საინტერესო ამბები თქვენს შემოქმედებასთან დაკავშირებით.
ჩემი შემოქმედება 4 წლის ასაკიდან დაიწყო, დღემდე მაქვს შენახული ის პირველი ნამუშევარი, რომელმაც გააკვირვა ჩემი ბაგა-ბაღის პედაგოგები, სწორედ მათ შეატყობინეს ჩემს მშობლებს, რომ მე ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული და აუცილებლად მოექციათ ყურადღება ხატვის თვალსაზრისით. 9 წლის ასაკში მიმიყვანეს ქალაქ რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სადაც ხშირად ვაღწევდი წარმატებებს. 2001 წელს, როგორც სამხატვრო სკოლის საუკეთესო მოსწავლე გავემგზავრე სხვა ბავშვებთან ერთად თურქეთის საკურორტო ქალაქ კუშადასში, სადაც მოეწყო ჩემი გამოფენა და დანარჩენი ბავშვების კონცერტი. საინტერსო ის იყო, რომ გამოფენა-კონცერტის მსვლელობას ესწრებოდა ქალაქ დიდიმის მერი, რომელსაც ერთ-ერთი ნამუშევარი ვუსახსოვრე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ნამუშევარზე გამოსახული გახლდათ ქართული ხუროთმოძღვრების ტაძარი, არც ის ვიცი რამდენად შეინახვდა ის ადამიანი ამ ნახატს და არც ის ვიცი რისი თქმა მსურდა მე, 12 წლის ბავშვს მისთვის, ამ ქმედებაშიც იმდენივე კითხვა და სათქმელი იყო, რაც დღემდე ებადებათ ჩემს ნამუშევრებში. მომდევნო წლებშიც ვიღებდი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას წარმატებით.
მესაუბრე შენს მუზაზე, რომელიც აქვს შემოქმედს, შეასრულოს, სრულქმნას ნამუშევარი.
საოცარი რამეა ეს მუზა, გავიწყებს ყველას და ყველაფერს, მცირე ხნით მაინც. ნებისმიერი მდგომარეობის და ადგილის დროს ჩაგესმის ხმა – ადექი უნდა ხატო! წადი უნდა ხატო! გაჩუმდი, უნდა ხატო! და ა.შ. და როდესაც უკვე შევუდგები ხატვას მერე ხმა აღარ მესმის, უკვე ნამუშევრიდან დაჟინებით მიმზერს მუზა, სანამ არ დავასრულებ, და ასე გრძელდება მუდამ. ამიტომაც ჩემი ყოველი დღე ხატვით იწყება. არის შემთხვევები, როდესაც სხვა შეგრძნებები და საქმე დასძლევს ამას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მუზა გამეფებულია. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერს და ყველას მხატვრულად ვხედავ და ვუსმენ.
შენს ნამუშევრებში საკმაოდ საინტერესო, სიღრმისეული იდეებია ჩადებული, ზოგისთვის რთული ჩასაწვდომია. რა განაპირობებს ამას?
ჩემი ნამუშევრები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს ფანტაზია ცხოვრებას მოიცავს, ჩემსას და კიდევ მათსას ვისაც მეტი ხედვა, წაკითხვა ან გააზრება შეუძლია. ეს ცხოვრება განსხვავებულია, საინტერესო სიღრმისეული და ხშირ შემთხვევაშიც ამიტომაა რთულად აღსაქმელი. ჩემი ნამუშევრები საფეხურებივითაა, თითოეული ეტაპია ჩემი ცხოვრების განვლილი ან გასავლელი პერიოდის. ცხოვრება თამაში არაა, თამაში გამართლებაზეა უმეტეს შემთხვევაში, არასწორი სვლაც შეიძლება სწორად ჩაგეთვალოს, აი ცხოვრებაში არასწორი ქმედებით შეიძლება უფსკრულში გადაეშვა.
როგორია შენი მიმდინარეობა კლასიკური და უბრალოდ შენეული ხედვით და გაგებით?
არც კი ვიცი, რომელ ჟანრს მივაკუთვნო, მართლაც იმდენად ჩემეულია… ეს არის სიურეალიზმის, სიმბოლიზმის და კიდევ ჩემეული ხედვის ერთობლიობა.
რას ეძღვნება შენი ქმნილებები, რა არის შენი სათქმელი შენი ნამუშევრებიდან.
ეძღვნება სიყვარულს, სიცოცხლეს და თავისუფლებას, გიყვარდეთ სიცოცხლე თქვენი წარმატებისთვის და მაშინ შეძლებთ გააკეთოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ.
რა იწვევს თქვენში ხატვის სურვილს?
ნებისმიერი დეტალი, გარემოება. წიგნი, მუსიკა, ამინდი, ადამიანი, ფრაზები და ა.შ. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები მას. მთავარია თავსებადი იყოს ჩემს განწყობასთან, ის ხანდახან უბრალოდ არაფრიდან მოდის, ზოგჯერ კი ყველაფრიდან.
თქვენს ნამუშევრებში დიდია თავისუფლების განცდა, მესაუბრე თავისუფლების თქვენეულ ხედვაზე.
ხელოვნებაში უმთავრესია იყო უაღრესად გულწრფელი, როცა რამეზე მიჯაჭვული არ ხარ, ძიებაში ხარ. გიზიდავს ექსპერიმენტები და სულ განსხვავებულ ჟანრში ან სტილში მუშაობ. გიყვარს არტ-პროვოკაციები, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ამბოხს უწყობ, მხატვრობას სიტყვები არ სჭირდება. ინტუიციით, აზროვნებიდან და ხედვიდან, ქვეცნობიერიდან გამომდინარე იწყებ თავისუფლად ხატვას.
და ბოლოს რას მიმართავდით საზოგადოებას, რომელიც ჯერ არ იცნობს თქვენს შემოქმედებას?
ნამდვილ მხატვარს არაფერი შეუძლია, ის ღმერთის ხელშია და ძლიერი ინტელექტი და სული უნდა ჰქონდეს, რომ საზოგადოებამ არ გაანადგუროს, შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს. საზოგადოება რეალურად ნიჭიერ ადამიანებს ვერ ეგუება, მას უნიჭო ან უგემოვნო, კონფორმისტი სოლისტები ურჩევნია. თუ ასეთი ხარ ადამიანი, მაშინ ყველას და ყველაფერს კარგად მოერგები და გამოიყენებ. ძლიერის მიღებას ძლიერი სული და ინტელექტი სჭირდება. ჩვენთან კრიტიკაც არ არსებობს. მირჩევნია ავიტანო ყველაზე ძლიერი კრიტიკა, ვიდრე ჩრდილში ვიყო გამუდმებით. ჯერ ერთი პერსონალური გამოფენაც არ მქონია, სამწუხაროდ.
01.10.13
გიორგი ჩუბინიძე