საქართველოს საპატრიარქო კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 სექტემბერს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა კანაფთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე თავისი პოზიცია განმარტა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან სარისკოა და ხელისუფლებამ ის მკაცრად უნდა აკონტროლოს და საქმიანობა კერძო სექტორს არ მიანდოს.

გაზიარება