ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი, არასწორი, რომელიც სახელისუფლო შტოების ფუნქციონირებას ინსტიტუციონალურ დარტყმას აყენებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.
ფოფხაძე გამოვიდა წინადადებით, კომიტეტის დასკვნაში ჩაიწეროს, რომ კომიტეტი შს სამინისტროს კანონპროექტს მხარს უჭერს, მაგრამ ითვალისწინებს, რომ მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში ხდება, საკითხს მომავალში პარლამენტი დაუბრუნდება და ის შეიცვლება.
“ჩვენ ვართ კონსტიტუციის ავტორები, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია და იმ ჩანაწერში პარლამენტის არც ერთი წევრი არ ხედავს იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა. არ შეიძლება ადამიანის განვითარებაში იყოს რაიმე ნეგატიური კონტექსტი. განვითარება არის მხოლოდ პოზიტიური კონტექსტით განსაზღვრული ტერმინი და მე ამაში სხვა შინაარსს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემაა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრება კანაფის/მარიხუანას მოხმარებაზე.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა. დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება.
საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.