4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება – საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება

კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პორტფელის ხელშეწყობის, ასევე პასუხისმგებლიანი საკრედიტო ურთიერთობების წახალისების მიზნებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე.

აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე შეეძლოს.

აღნიშნული ჩარჩოს ეფექტიანი მუშაობა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და შემოსავლების შემოწმების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოითხოვს.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული სისტემა გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.

კერძოდ, დაქირავებით მომუშავე (ხელფასის ტიპის შემოსავალი) და გადახდის წყაროსთან დასაბეგრი სხვა შემოსავლის (დივიდენდი, მომსახურების ანაზღაურება, საპროცენტო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ტიპის შემოსავლები) მიმღები  ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის შესახებ განაცხადის შეტანისას, მომხმარებელს შემდეგი არჩევანი აქვს: (ა) შემოსავლების დადასტურების მიზნით ბანკების მიერ სტანდარტულად მოთხოვნილი დოკუმენტები – ცნობა ხელფასის შესახებ და საბანკო ამონაწერი – მატერიალური ფორმით წარადგინოს და (ბ) სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, ზემოთ აღწერილი სისტემა, თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას. აღნიშნულით სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და, ამასთანავე,  დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესით დაკავებული პირებისთვის, რომელთა ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, მნიშვნელოვნად, 1%-მდე შემცირდა ბრუნვის გადასახადი. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დარეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად და მიიღებს ე.წ. მცირე ბიზნესის სტატუსს, კლიენტი ამ სისტემის საშუალებით მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცედურის გავლითა და დაბალი დანახარჯებით შეძლებს საკრედიტო განაცხადის გაკეთებას. სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, სისტემა თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიურად დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამარტივებს კომერციული ბანკის მიერ საკრედიტო განაცხადის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარირებული შემოსავლები საკრედიტო პროექტის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილებისთვის ცალსახად პოზიტიური ფაქტორია.  

ბანკში მისული მოქალაქე, ერთი სარკმლის პრინციპით,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურში მისვლის გარეშე, შეძლებს ერთდროულად მოითხოვოს  გადასახადის გადამხდელად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული პროცედურისთვის გამოიყენება თანამედროვე ელექტრონული პროგრამები, რომელთა საშუალებით დაუბრკოლებლად ხორციელდება ინფორმაციის მიმოცვლა პროცესში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ბანკებს შორის, რაც, როგორც უკვე აღინიშნა,  მომხმარებლის დროსა და ფინანსებს დაზოგავს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირი ვალდებულია წარადგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. აღსანიშნავია, რომ ისეთი პროფესიის მქონე პირებს, როგორიცაა ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი და მსგავსი, რომელთა წლიური ბრუნვა 30,000 ლარს არ აღემატება, შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართონ.

ასეთი სტატუსის მინიჭების შეთხვევაში, მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბანკი მიიღებს ინფორმაციას კლიენტის სტატუსის შესახებ. თუმცა, ზემოხსენებული პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართონ არა მიკრო ბიზნესის, არამედ მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და ბრუნვის 1%-იანი გადასახადის გადახდის შედეგად, შეიქმნან გადასახადის გადახდისა და, შესაბამისად, შემოსავლის არსებობის ისტორია, რაც კომერციული ბანკებიდან სესხის გამარტივებული მიღების წინაპირობაა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანსაღ და ორმხრივ ურთიერთობებზე დაფუძნებული საკრედიტო ურთიერთობების მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საწყის ეტაპზე პროექტით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, ხოლო სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად განხორციელდება.

პროცესის სქემა

გაზიარება