საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან დღემდე, გადასახადის 10 581 გადამხდელს ჯამურად 309 373 063 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ ქვეპუნქტი გაუქმდა, გ ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი, ა ქვეპუნქტი კი, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია-გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული-დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. სწორედ ა ქვეპუნქტის მიხედვით 309 372 599.50 ლარი ჩამოეწერა 10 580 გადამხდელს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებამდე, ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა ორჯერ მოხდა.