ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. საუბარია ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც კომერციულ ბანკებს უწესდებათ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ.
“გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.
რაც შეეხება სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს, მათთვის რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან იქნება სავალდებულო.
საქართველოს ეროვნული ბანკმა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის” პროექტი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა. აქტი განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორთა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებსა და სხვა ნორმებს.
პროექტში ასევე განსაზღვრულია სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები სესხის გამცემი სუბიექტების ზედამხედველობის კუთხით.
ნინი მაზიაშვილი