საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“, საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ანსამბლი საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 23 აგვისტოს გაემგზავრა. ფესტივალზე „იდეების ტალღა“, გარდა პირველი ადგილისა, ანსამბლმა „ლილემ“ მიიღო განსაკუთრებული ჯილდო და ასევე, საგანგებო მოწვევა ფესტივალის ორგანიზატორებისაგან, რაც მას ყოველგვარი საფესტივალო მოსაკრებელი თანხის გადახდისგან ათავისუფლებს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს” წევრები, ყრუ და სმენადაქვეითებული მოცეკვავეები არიან, რომლებმაც გამარჯვება თანაბარ პირობებში მოიპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.
ამ თემასთან დაკავშირებით 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სამინისტროში (მის: სანაპიროს 4) ანსამბლის წევრებს უმასპინძლებს და კონკურსში მოპოვებულ გამარჯვებას პირადად მიულოცავს. გაიმართება ასევე, მცირე კონცერტი ანსამბლ „ლილეს“ მონაწილეობით.