წინა კვირაში პროკურატურა საუბრობდა, რომ დანიშნული იყო ექსპერტიზები და პროცესი მიმდინარეობდა, გუშინ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრაქტიკულად, არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ “ომეგა ჯგუფის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ჩანაწერი ვნახეთ და ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები ავთენტურობის თაობაზე რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. ვნახეთ ასევე, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ის ღიად საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე. ბევრი ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, გამოძიებასა და შესწავლას საჭიროებს. აუცილებელია არაერთი პირის გამოითხვა და საქმის ისე წაყვანა, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები. თუმცა, გუშინ რა განცხადებებიც მმართველი პარტიის ბრიფინგზე ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, მოლოდინი, რომ ამ საქმეს პროკურატურა ან უსაფრთხოების სამსახური მიიყვანს ბოლომდე, ალბათ, ყველაზე ნაკლები გვაქვს. წინა კვირაში პროკურატურა საუბრობდა, რომ დანიშნული იყო ექსპერტიზები და პროცესი მიმდინარეობდა, გუშინ ჩვენ პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოვისმინეთ პრაქტიკულად, რომ არაფერ მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ეს თავისთავად არის შეტყობინება გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის, რომ თუკი ვინმე გამოძიებას იფიქრებს რეალურად, მოლოდინი ალბათ, არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეთ. ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ამ ქვეყნისთვის, ვინაიდან, გამოძიება არ უნდა ექვემდებარებოდეს რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის ლიდერის განცხადებებს, არამედ გამოძიება მხოლოდ კანონის მოთხოვნებს უნდა ექვემდებარებოდეს”, – განახადა სულხან სალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ისევე თანასწორები კანონის წინაშე და ისეთივე ვალდებულებები არ გააჩნიათ, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებს“.
„ეს ძალიან ცალსახად შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, ფარცხალაძის გვარი პირველად და მხოლოდ ამ საქმეში არ გაგვიგია. ეს გვარი ფიგურირებს და მონაწილეობდა ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეში, მერაბიშვილის საქმის ნაწილში. არცერთ ამ საქმეზე არ დამდგარა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ გამოძიებაც კი არ მისულა ბოლომდე”, – განაცხადა სალაძემ.
სულხან სალაძე ასევე გამოეხმაურა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ მსგავს საკითხებზე იუმორით არ უნდა კეთდებოდეს შეფასებები. სალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება დაფიქრდება ამ ტიპის საკითხებზე როგორ შეფასებებს აკეთებენ.
“მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ფაქტის არსებობას, მაგრამ თავად განცხადება, რომ ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, შემაშფოთებელია. უფრო მეტიც, საჭიროებს აუცილებლად გამოძიებას. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად წინა ხელისუფლების პერიოდში რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება დადგა და რის გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე გააკეთეს ის არჩევანი, რაც გააკეთეს. ამიტომ რაიმე ფორმით ადამიანებზე ძალადობა, სარდაფებსა თუ სხვადასხვა ტიპის ჩაკეტილ სივრცეებში ჩაყვანა და ადამიანის უფლებების დარღვევა, კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა სალაძემ.