საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.
ქართული ენის შემსწავლელი კურსის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, ჰანკუკის უნივერსიტეტს კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია. საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება. ქართული ენის შემსწავლელ კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ოთარ ბერეჟიანი წარუძღვება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჰანკუკის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსი აღნიშნული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგს წარმოადგენს.