3 ოქტომბერი, 2018 – ქალთა ჩართულობა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოში – სწორედ ამ ძირითადი საკითხების შესახებ იმსჯელეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა და აქტიური დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობის სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორში გენედერის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე და ENPARD-ის პროგრამით გათვალისწინებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა საქართველოში FAO-ს ექსპერტების მიერ გენდერის შეფასების კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ფაქტები და მიგნებები. კვლევამ, რომელიც ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა (ADC) და ENPARD-ის მხარდაჭერით განხორციელდა, გამოავლინა გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე, განასაკუთრებით, შემოსავლისა და დასაქმების სეგრეგაციის კუთხით. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სექტორში, ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ. საშუალოდ, საქართველოში სოფლად დასაქმებული ქალების შემოსავალი მამაკაცების შემოსავლის 75%-ია. ამასთან, დასაქმების ბაზარზე ფიქსირდება გენდერული ნიშნით სეგრეგაცია, სადაც კაცები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინჟინერია და მშენებლობა. ამ სფეროებში ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული. კვლევის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, როგორც FAO-ს, ისე პოლიტიკის შემქმნელების, პროგრამის და პროექტის განმახორციელებლებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სექტორში ჩართული სხვა მხარეებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის.
გენდერის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და საკუთარი პროექტების ფარგლებში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა – CENN, RDFG და CARE, ასევე USAID-მა.