3.10.2018 ქ.თბილისი – „მნიშნველოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საქართვლოს როლს რეგიონში, ასევე იმ რეფორმებს, რომელთაც ქვეყანა ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას.

მინისტრმა უაღრესად დადებითად შეაფასა აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და აშშ-ის გადატვირთული დღის წესრიგის ფონზე საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ერთობლივი გამკლავების საშუალებებს. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტთან, ელჩ ბოლტონთან, ასევე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან. მან აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოში განხორციელებული რეფორმები.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკული მხარის მიერ ხაზი გაესვა საქართვლოს წვლილს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და პოზიტიური შეფასებები მიეცა მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს.

მინისტრმა ვიზიტის შეფასებისას ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდში პრემიერ მინისტრის შეხვედრების ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის ინიციატივები ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით.

„საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოიყენა მნიშვნელოვანი გზავნილების გასაჟღერებლად, კერძოდ ფოკუსირება გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე, რუსეთის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპანტი ქვეყნისა შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში. ასევე აღინიშნა ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. განსაკუთრებით გამოიყო „ნაბიჯი უკეტესი მომავლისკენ“, რომელიც მიმართულია იმ სიკეთეების გაზიარებისკენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მხრიდან, რომელიც მოაქვს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს.“ – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა პრემიერ მინისტრის მხრიდან გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერებულ ახალ ინიციატივაზე თბილისის ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთოხებაზე, თანამშრომლობასა და მშვიდობის განვითარებაზე ფოკუსირებული საერთაშორისო კონფერენცია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაფასა გაეროს ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა პარალელურ ღონისძიებაში, სადაც დასახელდა გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ განხორციელებული წარმატებული მაგალითები, რომელთა შორის არის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმა.

„ჩვენ მოვხვდით 13 ქვეყანას შორის სადაც წარმატებით ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მთავრობის ქმედებები. ეს არის ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან აღიარება, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია.“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2018 წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

Please follow and like us: