საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც მაია ოთინაშვილის მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა განაცხადა, გუშინ გვიან საღამოს მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.
იგორ მაყიშვილის თქმით, მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს და როგორც ისინი აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.