ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აივ ინფიცირებულთა 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 468 შემთხვევა გამოვლინდა.
ცენტრის ცნობით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39-წლამდეა. შიდსი 3 797 პაციენტს განუვითარდა, გარდაიცვალა 1 477 ადამიანი. აივ მკურნალობას იტარებს 4 436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.
საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის მკურნალობისთვის მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობითი მომსახურებები არ მოიცავს პაციენტებისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვას. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 1 048.6 მლნ ლარამდეა განსაზღვრული. მათ შორის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამისთვის – 12.5 მლნ ლარზე მეტი.
ნინი მაზიაშვილი