საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე  ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა,  ვიდრე ნიუ-იორკში,  გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას,  9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის  ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

„ვეფხისტყაოსნის“  სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში,  თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.

პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ. იდეის ავტორია ია ხურციძე. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები არიან: –  დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა:  – სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი… ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ – Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია. გუჯის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუმითოლოგიურრელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილიმუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.

გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ.

უახლოეს ხანში  „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში.

 

გაზიარება