გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუკ-გვერდზე განათავსა.

შეგახსენებთ ამ განცხადების შინაარსს: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”

ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.

ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.

საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტრში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას.

ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამტავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ – ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.

ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.

28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

გაზიარება