ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს,- საგანგებო განცხადებას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედიასაშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

„ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს. ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, – აცხადებს მოსიაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფარცხალაძე ქართველი კადიროვია და მისი ადგილი ციხეშია.

“ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა უშუალოდ თხოვა 4 მილიონი ლარი იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენს 25 მილიონი უკან დაბრუნებოდა. მისივე მტკიცებით, თანხის გამოძალვაში ჩართულები იყვნენ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მის თანამშრომლებს იარაღის მუქარით, ბიზნესისა და ტელევიზიის დახურვით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, საბოლოოდ, უკანონოდ, ბანკიდან 4 მილიონი ნაღდი ფული შეიარაღებულმა პირებმა მის თანამშრომლებს წაართვეს.

„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

ამ საქმეზე აუდიო ჩანაწერებუ გავრცელდა. პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ “იბერიას” ეთერში გავიდა, რომლის მფლობელიც “ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“.

ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ.

3 ოქტომბერს თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა. მისი თქმით, ის მუშაობდა ომეგა ჯგუფში და მისი მოვალეობა იყო სხვა პირებთან კონტაქტის დამყარება.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

გაზიარება