დღეს ცნობილი გახდა იმ 6 ფილმის შესახებ, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის (EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI) იბრძოლებენ.
ნომინანტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის “საშიში დედა”.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
შარშან “საშიში დედა” საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.
რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კინოაკადემიამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის შერჩეული 15 ფილმი გამოავლინა. ნომინანტებს შორის მოხვდა რატი წითელაძე ფილმით “სოციუმის პატიმარი”, რომელიც ასევე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და პრიზიორია.
ევროპის კინოაკადემიის ნომინანტთა სრული სია 10 ნოემბრამდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი, დაჯილდოვების ცერემონია კი 15 დეკემბერს, ესპანეთში გაიმართება.

გაზიარება