მათი განცხადებით, დარღვევების ჩამონათვალში დეტალურადაა საუბარი, თუ რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ და როგორ არ დაისაჯნენ დამნაშავეები.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, ისინი ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობენ, ვინაიდან მათ ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოუწურა. კუბლაშვილმა ასევე ისაუბრა დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, მისივე თქმით, ​სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კომპლექსური დასკვნის დადებას აჭიანურებს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია მიაღწიო სიმართლის დადგენას. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სწორედ ნათელი მაგალითია ამ რეალობისა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ველოდებოდით, რომ გამოძიებას წარმოედგინა კომპლექსური დასკვნა და შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწვეტილება. თუმცა კომპლექსური დასკვნა, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ველოდებით, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჯერ კიდევ სამი თვის წინ მოხდა განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება. თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პირდაპირ და აშკარად თავს იკავებს, რომ დაწეროს ელემენტარული რეალური ფაქტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში უბრალოდ იწვა და მას თავი არ წამოუწევია. სწორედ ეს რეალობა ჩვენ გვაძლევს იმის ზუსტი რწმუნების საფუძველს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან საქმეზე ზეწოლის, დროის გაჭიანურებისა და აქცენტის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე გადატანის ერთგვარი მცდელობაა. მასალებზე, რომლებსაც გამოძიება თვლის, რომ უნდა იყოს საიდუმლო, ადვოკატებს არ გვაცნობენ და ჩვენს მიერ ვერ ხორციელდება კლიენტის უფლებების ეფექტური დაცვა. მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება და გატანა ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმირებულობა. ზუსტი ჩამონათვალი და დარღვევები გამოძიების მიმდინარეობის დროს რაც იქნა გამოვლენილი, მათი სია არის ძალიან გრძელი. ჩემ მიერ წარმოდგენილია მთელი რიგი შემაჯამებელი დასკვნა. ვინაიდან ამოგვეწურა ყველანაირი რესურსი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ცხოვრობს ქუჩაში. მინდა პირადი მესიჯი გავუგზავნო ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც განზრახ ტერორს ახორციელებენ მასზე და პირდაპირ ხდება გამოძიების ხელშეშლა, რომ მე არ შევწყვეტ არც ერთ წუთს და წამს, რომ დამჭირდეს წლები, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისმა ოჯახმა ნახოს სამართალი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი მომავალ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ ახალ მტკიცებულებებზე, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ დადებულ დასკვნაზე , რომელსაც ​ვიზუალურ მასალას დაურთავენ.

გაზიარება