ხშირ შემთხვევაში, ბავშვობა ზრდასრულობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ პერიოდიდან მხოლოდ კარგი, ნათელი და ფერადი მომენტები გვამახსოვრდება და მხოლოდ იმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც ჩვენი ბავშვური ცნობისმოყვარეობის ქვეშ მოექცევა ხოლმე. ალბათ, იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომლის პატარაობიდან ამოკრეფილ მომენტებში ის ბედნიერების წამები არ ბრწყინავს, რომლებსაც ბავშვები მულტფილმების ყურებისას განიცდიან ხოლმე. ანთებულ ეკრანებზე მიპყრობილი ანთებული თვალებით, ოდესღაც, ანიმაციების საყვარელი პერსონაჟების მოქმედებებს ვიზეპირებდით და ღიმილი მთელ სახეს გვიფარავდა. დიახ, ჩვენ ვიყავით ბედნიერები, თუმცა, იშვიათად, ან თითქმის არასდროს ვფიქრობდით, ვინ იდგა ამ ბედნიერების უკან. ამ ყველაფრის მიღმა იყო უოლტერ დისნეი, პიროვნება, რომელმაც შექმნა „ანიმაციური ეპოქა“ და გვაჩუქა დაუვიწყარი პერსონაჟები.

 

„მე არ ვიცი, რა არის დეპრესია, ცუდი განწყობა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ!“ – ამბობდა უოლტ დისნეი, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მაშინ, როცა, რეალურად, ყველასთვის ბედნიერი ბავშვობის შემქმნელს, თავად სრულიადაც არ ჰქონია ლაღი და მხიარული პატარაობა. ჩიკაგოში, ირლანდიელი მამის და გერმანელი დედის ოჯახში დაბადებულ მომავალ ანიმატორს საკმაოდ ღარიბი და არც თუ ისე დალხენილი ცხოვრების გამოვლა მოუწია. 5 შვილში ნაბოლარა უოლტს ბავშვობიდან ცნობისმოყვარე და მხიარული ხასიათი დაჰყვა და თითქოს, ამგვარი ბუნებით ნებისმიერი წინააღმდეგობის თავისკენ სასიკეთოდ შემობრუნებას ცდილობდა, არა მხოლოდ პატარობაში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. 5 წლის ასაკში მისურის შტატში გადავიდა ოჯახთან ერთად, სადაც ნახშირის პატარა ნატეხით დახატული ნახატით პედანტი მამის გაოცებაც კი შეძლო. პირველი გასამრჯელო – 25 ცენტი მეზობლის ულაყის დახატვით მიიღო, რამაც კიდევ უფრო მეტად უბიძგა საკუთარი ცხოვრება მხატვრობისთვის დაეკავშირებინა. იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც დაიფიცა, რომ, როცა გაიზრდებოდა, ბავშვებისთვის აუცილებლად ააშენებდა უზარმაზარ გასართობ სახლს ძალიან დიდი ბაღით, სადაც ბავშვები დაუსრულებლად ითამაშებდნენ. ამ ყველაფრის ხორცშესხმა კი, წლების შემდეგ, მთელმა მსოფლიომ ნახა დისნეილენდის სახით.

სწავლისადმი არც თუ ისე მიდრეკილი უოლტი ყოველთვის ფიქრობდა, რომ წარწერები: „ინსტიტუტი“, „აკადემია“, კერძო სასწავლებელთა დარბაზებს რომ ამშვენებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი აბრები იყო და თავიანთი წვლილით ვერაფერს დაიტრაბახებდნენ ხელოვნების ისტორიაში. ერთი სიტყვით, დისნეისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. მისთვის მთავარი იყო, ხატვის ჩვევებს დაუფლებოდა და პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო! ჯამში მას ერთი წელიც კი არ უსწავლია, რადგანაც ომი დაიწყო და დისნეიში მშობლიურმა სულისკვეთებამ გაიღვიძა. როგორც აღმოჩნდა, დიდი ანიმატორი არა მხოლოდ ბრწყინვალე შემოქმედი, არამედ საკუთარი ქვეყნის უდიდესი პატრიოტიც იყო. 16 წლისამ სკოლა დატოვა, რათა ჯარში ემსახურა, თუმცა, ამაში ასაკმა შეუშალა ხელი. სურვილი, გამოდგომოდა ამერიკას, იმდენად დიდი იყო, რომ ბოლოს ალტერნატიულ გზას მიაგნო და „წითელ ჯვარში“ დაიწყო მუშაობა. აქედან მალევე აღმოჩნდა საფრანგეთშიც, სადაც მანქანის მძღოლად მუშაობდა და ამავდროულად, არ ივიწყებდა საყვარელ საქმიანობასაც  – ხატავდა გამუდმებით.

საფრანგეთიდან ჩამოსული უოლტი უკვე 19 წლის იყო, როდესაც ფეხი შედგა კინოსარეკლამო კომპანიის პირველ საფეხურებზე და აქედან დაიწყო მისი სვლა დიდი ხნის ნაოცნებარი მიზნებისკენ. მალევე, მან გაიცნო კარიკატურისტი იუბ აივერსკი და მასთან ერთად შექმნა 1920 წელს კერძო კომპანია, სახელად „აივერსკი-დისნეი – კომერციული მხატვრები“. მიუხედავად მათი შემართებისა, კომპანიით არავინ დაინტერესდა და დროებით ეს წყვილი დაიშალა. 1923 წელს წარმატების საძიებლად ჰოლივუდში წასულ უოლტ დისნეის ჯიბეში მხოლოდ 40 დოლარი ჰქონდა, გონებაში კი უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებისთვისაც ყველაფრისთვის მზად იყო. რეალურად, მისი თავდაპირველი მიზანი იყო ფილმების რეჟისორად მუშაობა, რადგანაც მას ეს სფერო უფრო იზიდავდა, თუმცა უამრავი კინოსტუდიის შემოვლის და უარის შემდგომ, კვლავაც ანიმაციის გზით წავიდა. ყველაფრის თავი და თავი ბიძამისის თაგვის სოროსავით პატარა ფარდული გახდა, რომელშიც უოლტმა პირველი სტუდია მოაწყო. სწორედ ამ ფარდულში იშვა ყველასთვის კარგად ცნობილი ანიმაციური სერიალი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელსაც მალევე მოჰყვა „,მხიარული კურდღელი ოსვალდი“. „ბასრი, მძაფრი, ლაკონიური, ძალზე მეტყველი, სასაცილო ნახატი – აი, რას უნდა მსახურობდეს, მხატვრის ფუნჯი“ – ასე ფიქრობდა უოლტ დისნეი და დროთა განმავლობაში ქმნიდა ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს.

კარიერული წინსვლის საფეხურებზე ამავალ უოლტს სწორედ საკუთარ სტუდიაში გადაეყარა მომავალი სიყვარული – ლილიან ბოუნდსი. იგი მასთან ნახატების გამფერადებლად მუშაობდა, არც თუ ისე დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ. ცოლის როლი ანიმატორის ცხოვრებაში საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო.

ლილიან ბოუნდსი და უოლტ დისნეი

ალბათ, უოლტ დისნეის კარიერის მწვერვალად უნდა დავასახელოთ მიკი მაუსი. გმირი, რომელმაც 1932 წელს დისნეის პირველი ოსკარი მოუტანა. იდეა პერსონაჟის შესახებ მას შემდეგ იშვა, რაც უოლტმა საკუთარი ფარდულის კუთხეებში მორბენალი თაგვები შენიშნა. აღსანიშნავია, რომ ყველასთვის საყვარელი თაგუნიას შემქმნელს თავად გამუდმებით ეშინოდა ამ არსებების. თავდაპირველად, დისნეიმ მიკი მაუსს მორტიმერი უწოდა, თუმცა, ცოლის ინიციატივით მას სახელი გადაარქვა – დიახ, მიკი მაუსი, სწორედაც რომ ლილიანმა მოიფიქრა. მიკი მაუსი პირველად დისნეის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ მუნჯ ფილმში გამოჩნდა, სახელად „შეშლილი თვითმფრინავი“, ასეთივე იყო მეორე ფილმიც -„მორბენალი გაუჩო“, ხოლო მესამე ფილმი „გემი უილი“ კი უკვე გახმოვანდა. წლების განმავლობაში, დისნეი თავად ახმოვანებდა მიკი მაუსს, იგი ძალიან სწრაფად იქცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.

უოლტ დისნეის კარიერაში საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა 1932 წელი. ამ წელს ამერიკელი ხალხის ტელეეკრანებზე გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, სახელად ბეტი ბუპი, რომელიც მიკი მაუსზე ბევრად უფრო პოპულარული გახდა. ამავე პერიოდში დისნეის Columbia Pictures-მა უარი უთხრა პროდუქციის გავრცელებაზე. ამ ვითარებიდან გამოსავალი თითქმის არ ჩანდა, თუმცა, მან თავისი ერთ-ერთი შავ-თეთრი ფილმი ფერადი გახადა. მოგვიანებით, მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციამ დისნეის მოუტანა ოსკარი კატეგორიაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.“

დისნეის ცხოვრებაში უდიდეს გამოწვევად იქცა პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნა, რომელსაც არათუ კომპანიონები, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ უჭერდნენ მხარს. შემოქმედებმა ყოველთვის კარგად იციან, რა აკლიათ საკუთარ ნამუშევრებს – ასევე იყო უოლტ დისნეიც, იგი გამუდმებით ცდილობდა ანიმაციების გაუმჯობესებას და გადიოდა ტრენინგებს. საბოლოოდ, სამ წელში დამზადებული სრულმეტრაჟიანი ფილმით, სახელად „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, დისნეიმ უამრავი ადამიანი კინოთეატრის ეკრანებს მიაჯაჭვა. ეს იყო მიღწევა, რომელმაც ანიმატორს 1 დიდი და 7 პატარა ოსკარი მოუტანა და, ამავდროულად, საქვეყნოდ აღიარებული გახადა. ზემოხსენებულ ფილმს მოჰყვა ისეთი ცნობილი ანიმაციები, როგორებიცაა ბემბი, ფანტაზია, პინოქიო და სხვები.

დისნეის მოუწია ისეთი რთული პერიოდის გამოვლა, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი. სამყაროსთვის არც თუ ისე სახარბიელო ხანა არც ანიმაციებისთვის ყოფილა წარმატების მომტანი. მიუხედავად დაღმასვლისა, დისნეის დავალებული ჰქონდა სასწავლო და შემეცნებითი ხასიათის ფილმების შექმნა საომარ მოქმედებებზე, რითაც საშუალება მიეცა, გადაეღო სატირული ხასიათის ნამუშევრები. მართალია, ცოტა ხნით, თუმცა დისნეიმ ამ პერიოდში მაინც შეძლო ხალხის გაღიმება და ხასიათის გამოკეთება. დისნეისთვის ეს პერიოდი რთული იყო იმიტომაც, რომ ანიმაციური ინდუსტრიის ასპარეზზე კომპანია Warner Brothers გამოჩნდა და საბოლოოდ, Walt Disney Company-ის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო.

დრო გადიოდა, თუმცა, დისნეის თავისი ბავშვობის ოცნება – შეექმნა გასართობი ადგილი, არ ავიწყდებოდა. მასში მყარად დალექილმა იდეამ 1940-იან წლებში ჰპოვა განხორციელება. ჩიკაგოში მოგზაურობის დროს, იგი დაკავებული იყო დისნეილენდის დაგეგმვით. კერძოდ, უოლტი ხატავდა პარკის ესკიზებს და თან ამბობდა: „მე უბრალოდ მსურს რომ ეს პარკი ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში და მას უნდა უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”. ანიმატორის ინსპირაციად იქცა კალიფორნიაში არსებული ოუკლენდის პარკი. იგი სულ წუხდა იმაზე, რომ ამერიკაში არ არსებობდა ადგილი, სადაც ოჯახები ნორმალურად დაისვენებდნენ. მისი აზრით, ამგვარი ადგილი უნდა ყოფილიყო დიდების და პატარების ინტერესების გადაკვეთის წერტილი, რათა ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს ჰქონოდა აქ დასვენების სურვილი. „მინდა წავიყვანო ჩემი შვილები უკეთეს ადგილას, მე მინდა არსებობდეს ისეთი ადგილი სადაც ოჯახები ერთად გაერთობიან!“ – ამბობდა უოლტი და მან მართლაც შეძლო საკუთარი ოცნებისთვის ხორცის შესხმა. 1955 წლის 17 ივლისს პარკი ოფიციალურად გაიხსნა და დისნეილენდის სანახავად მთელი მსოფლიოდან მოსულმა სტუმრებმა იხილეს ადგილი, სადაც დისნეის ანიმაციები და პერსონაჟები „გაცოცხლებული დახვდათ.“ შემდგომ უკვე დისნეილენდს მიეძღვნა გადაცემა, სახელად „უოლტ დისნეის ფერების საოცარი სამყარო“, რომელიც წლების განმავლობაში გადიოდა სხვადასხვა არხზე.

დიდი მულტიპლიკატორი ოცნებას არასდროს წყვეტდა და ალბათ, ამიტომაც იყო მისი კარიერა ასეთი ნაყოფიერი. დისნეის მორიგ ოცნებას წარმოადგენდა Disney World, რომელიც დისნეილენდზე ბევრად დიდი პარკი უნდა ყოფილიყო და რომელშიც განთავსებული იქნებოდა სპორტული მოედნები და სასტუმროები. ასევე, პარკი მოწყობილი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიებით. თუმცა, 1966 წლის 15 დეკემბერს იგი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა და ვეღარ შეძლო, განეხორციელებინა თავისი სურვილი. დისნეის კომპანია სრულიად გადაიბარა უოლტის ძმა როიმ, რომელმაც დიდი მონდომების საფასურად, შეძლო, აეხდინა ძმის ოცნება და შექმნა დისნეილენდზე უფრო დიდი პარკი, სახელად Disney World Resort.

დისნეის მემკვიდრეობა რომ უამრავი მასალისგან შედგება, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. ახლაც კი, როცა თანამედროვე ანიმაციებით სავსეა ეკრანები, ხშირად ბავშვები უპირატესობას მაინც მიკი მაუსსა და „მის გუნდზე“ აჩერებენ. პირველ რიგში, უოლტ დისნეი იყო ანიმატორი, თუმცა, თავისთავად, იყო კარგი ბიზნესმენიც. მილიონები მან საკუთარი ოცნებების ახდენის ხარჯზე იშოვა, თუმცა, სულ ამბობდა: „ფული მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ განახორციელო შენი იდეები.“ 43 წლიანი კარიერის განმავლობაში შექმნილი „ანიმაციური ბიზნესი“ დღესაც განაგრძობს სიცოცხლეს. უოლტ დისნეის ანიმაციური/კინო სტუდიები და პარკები იქცნენ რამდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ტელე- კინო სტუდიებად, გასართობ ცენტრებად და მედიაკორპორაციებად. უოლტ დისნეის კომპანია დღეს ფლობს ხუთ დასასვენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 2 წყლის პარკს, 39 სასტუმროს, 8 კინოსტუდიას, 6 ხმისჩამწერ ლეიბლს, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდ სატელევიზიო ქსელს. 2007 წლისათვის მას აქვს რეგულარული შემოსავალი, წლიური 35 მილიარდი აშშ დოლარის სახით.

უოლტ დისნეი ამერიკული ანიმაციის უპირობო სიმბოლოა. დიდმა მულტიპლიკატორმა საკუთარი ოცნებების ახდენით შეძლო, ადამიანებისათვის ბედნიერი ბავშვობა ეჩუქებინა, ხოლო  ხალხისთვის დაენახებინა, რომ სამყარო სავსეა ჯადოსნური ხიბლით. მან მსოფლიოს ანახა ახალი სამყარო და თითქმის ნახევარსაუკუნიანი კარიერით, შექმნა დაუვიწყარი ეპოქა. გამუდმებით ღიმილითა და სტვენით მომუშავე ანიმატორმა შეძლო, სამყარო ოდნავ უკეთესი და კეთილი გაეხადა.

მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ. მხოლოდ პოზიტიურ და ბედნიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა. იმისათვის, რომ ოცნება აისრულო, ხშირად უნდა გარისკო – გარისკო ყველაფრით, რაც გაგაჩნია. ყოველთვის გახსოვდეს შენი გზის დასაწყისი – ოცნებიდან მის ასრულებამდე“, – უოლტ დისნეი.

წყარო:marketer.ge

გაზიარება