14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში – ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

Please follow and like us: