ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა მირზა სუბელიანის უსაფრთხოება რამდენად იყო დაცული. მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომლის წარმომადგენელიც დღეს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან იყო შესული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ლომჯარიას თქმით, სუბელიანის საკანში არის სათვალთვალო კამერები და ის დაკვირვების ქვეშაა.

„ჩემი წარმომადგენლები დღეს დილით შეხვდნენ მირზა სუბელიანს. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და კომენტარი არ გააკეთა. არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა. ერთადერთი, რაზეც მან გამოხატა ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო. სხვა თვალსაზრისით, მას ჩვენს მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია. ბევრ რამეს მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი. მისი სურვილი იყო ამაზე რაიმე კომენტარი არ გაგვეკეთებინა. ის თვლის, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით ასეთი თავდასხმები. ამიტომ, ის თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან ჰქონდა მხოლოდ ეს თხოვნა, რომ მისი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. თუ უფლებების დარღვევას ექნება ადგილი ან მოგვმართავს ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მის უფლებებს. ამ კონკრეტულ ფაქტზე, სად მოხდა, როგორ მოხდა… ამასთან დაკავშირებით არ უსაუბრია. ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა მისი უსაფრთხოება რამდენად იყო დაცული. მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს. ის სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ არის საკანში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მირზა სუბელიანს არ უსაუბრია, თუ ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერების გაკეთება.

„მას არანაირი ვარაუდი არ გამოუთქვამს, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ამ ჩანაწერის გაკეთება“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

გაზიარება