საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტერიალის ფარგლებში თბილისში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი.

მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ასევე სტუმრობენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.

მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

​ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მიღებული იქნება „თბილისის დეკლარაცია“ – ადამიანის უფლებებისა და სპორტის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

გაზიარება