საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ამავე დროს განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა.

„საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო”,- განაცხადა ბახტაძემ.

მინისტერიალის ფარგლებში თბილისში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი.

მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ასევე სტუმრობენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.

მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

გაზიარება