ციკო შამრელაშვილი 21 წლის გრაფიკული დიზაინერია. ცოტა ხნის წინ Instagram-ზე შექმნა გვერდი, Geoartmood-ის სახელწოდებიოთ, რომლემაც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. “თბილისი თაიმსს“ ციკო შამრელაშვილი გვერდის შექმნის იდეისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
„როდესაც ვინმე წარმოთქვამს „Georgia”-ს მინდა მათ გაახსენდეთ პატარა, ლამაზი ქვეყანა აღმოსავლეთ ეევროპაში და არა აშშ-ში მდებარე ჯორჯიის შტატი. ჩემი გვერდის მიზანია ფერწერების, ცნობილი ფილმების და ანიმაციების მეშვეობით უცხოელების ყურადღება საქართველოსკენ მივმართო. ვაჩვენო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი პეიზაჟები, მოვუყვე უგემრიელესი სამზარეულოსა და მრავალფეროვანი კულტურის შესახებ. სწორედ ამიტომ ვიყენებ სლოგანს: „Art is my way to tell you about Georgia”.
ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ
გრაფიკული დიზაინისა და ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამიჩნდა, თუმცა ერთი სფეროთი გატაცებული არასდროს ვყოფილვარ ალბათ ამიტომ, ჩემი ჰობის პროფესიად გადაქცევა არც მიფიქრია. მხოლოდ სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული და არ მინდოდა სხვა რამის კეთებაზე დროის დახარჯვა. წელს დავამთავრე იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო მმართველობის სპეციალობით და ზაფხულში ჩემს გატაცებას უფრო მეტი დრო დავუთმე. დავიწყე Youtube-ის მეშვეობით გრაფიკული დიზაინისათვის საჭირო პროგრამების შესწავლა და პარალელურად შევქმენი Instagram გვერდი, Geoartmood, რომელის კონტენტმაც ხალხის დადებითი ემოცია დაიმსახურა.
საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ Geoartmood?
გვერდის შექმნის იდეა სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა, ჩემს პირად ფოტოებს შევუთავსე ფერწერების ფონები და ძალიან მომეწონა, შემდეგ ვიფიქრე რომ საქართველოს სხვა კუთხეების საიმიჯო ფოტოები ამეღო და იგივე გამეკეთებინა. ამის გასავრცელებლად კი Instagram გვერდი შევქმენი, რადგან ამ ქსელის მეშვეობით ყველაზე სწრაფად და მარტივად შეიძლება მიიტანო კონკრეტული ინფორმაცია სასურველ აუდიტორიამდე.
რა სახის ნამუშევრებს ქმნით და რა არის ძირითადი კონცეფცია?
ნამუშევრების სტრუქტურა მარტივია, მის შესაქმენლად რამდენიმე პროგრამას ვიყენებ.
ერთი შეხედვით, არავითარი კავშირი არ აქვს ვინსენტ ვან გოგს, ფრიდა კალოს, მიქელანჯელოს და სხვა დიდებულ მხატვრებს საქართველოსთან, რადგან ისინი სრულიად სხვა ქვეყნების და კულტურის წარმომადგენლები არიან, თუმცა ჩემს გვერდზე, უმარავი გენიალური მხატვრის ფერწერას, ფილმის და ანიმაციის გმირებს ნახავთ, რომელიც საქართველოს თემატიკას კრეატიული მეთოდით უკავშირდება.
ფერწერის და ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოს იდეა ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, მას მხოლოდ ვიზუალურად ვუხამებ ერთმანეთს, მაგრამ ორი იდეის გაერთიანებით, სრულიად ახალი, განსხვავებული ნამუშევარი ყალიბდება, რომელიც აწვდის სხვადასხვა ემოციით დატვირთულ მესიჯს გვერდის მიმდევრებს ჩვენი ქვეყნის შესახებ.
როგორ შეხვდა ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი თქვენს გვერდს?
გვერდის იდეა მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ. ასეთ გამოხმაურებას და დადებითი ემოციების ტალღას ნამდვილად არ ველოდი. უცხოელები საქართველოს თემატიკაზე შექმნილ ფოტოებს საკუთარ პროფილებზე ათავსებენ და შემდეგ ქართულ ლოკაციებს ნიშნავენ.
ყველა ფოტოს დართული აქვს აღწერა, ფერწერის და ტურისტული ადგილის შესახებ, ასევე ფაქტები და ცხოვრებისეული გამონათვქამები. გამონათქვამებს მხოლოდ კონტენტის გავრცელების მიზნით ვიყენებ, მაგრამ ფაქტებს დიდ ყურადღბას ვაქცევ, რადგან ისინი მოკლედ და ზუსტად უნდა გადმოსცემდნენ ინფორმაციას ფოტოზე ასახული ქართული ობიექტის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ გამომრჩა და ვერ ავღნიშნე ფოტოს აღწერაში რომ მასზე საქართველო იყო გამოსახული, რამდენიმე საათში იტალიურმა გვერდმა მომნიშნა ამავე ფოტოზე, უკვე თავის კედელზე ჰქონდა გამოქვეყნებული თანდართული Hashtag-ებით #Georgia, #GeorgiaTravel, #GeorgiaTurism, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. მიხარია, რომ ქართული მედიაც დაინტერესდა გვერდის საქმიანობით. მომხარებლების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება და ასე უფრო სწრაფად მივაღწევ დასახულ მიზანს.
ხომ არ გეგმავთ ნამუშევრების ტილოებზე გადმოტანას და გამოფენის გამართვას?
გამოფენასთან დაკავშირებით ჯერ არ მიფიქრია. თუმცა, თუ შემოთავაზებას მივიღებ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშავებ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა მსგავსი მიმართულებით მუშაობას?
ჩემი სამომავლო გეგმები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას უკავშირდება. სავარაუდოდ მაგისტრატურას რეკლამის სფეროს დავუკავშირებ, თუმცა დაზუსტებით ჯერ მაინც ვერ გეტყვით. მიუხედავად ამისა, აუცილებლად ავიმაღლებ კვალიფიკაციას გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რათა უფრო მაღალი დონის ნამუშევრები შევქმნა.
მარიამ ლეკიაშვილი