საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის საგანი არაერთხელ გამხდარა შემთხვევები, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლები არ აძლევდნენ კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გაშლის საშუალებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქციები მიმდინარეობდა ფართო ტროტუარზე, ხელს არ უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, არ კეტავდა შენობის შესასვლელს და არც დაწესებულების საქმიანობას აფერხებდა, ამდენად, სრულად იყო დაცული შეკრების თავისუფლებით.

ბოლო პერიოდში ცალკეული საჩივრების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსება სამართალდამცავი ორგანოების მიერ იზღუდება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ წერილში მითითება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, როგორც ამ უფლების შეზღუდვის საფუძველზე:

მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

 „საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატების, ტრანსპარატების, აფიშების, სარეკლამო ფირნიშების, არასტანდარტული საგზაო ნიშნების უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება – გამოიწვევს … დაჯარიმებას.“

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სადავო ნორმის იმ განმარტების კონსტიტუციურობა, რომელიც მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სადავო ნორმის განმარტებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეიძლება ეხებოდეს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, ნორმის ამგვარი განმარტება უკვე სავალდებულო იქნება და პოლიციის თანამშრომლები მის საფუძველზე ვეღარ შეზღუდავენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვებისა და სხვა, სათანადო დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას. მეორეს მხრივ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაინახავს სადავო ნორმაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიცემული განმარტების რესურსს, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაამტკიცებს სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობას.

აქვე ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ იგივე საკითხთან დაკავშირებით მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს, უკანონოდ იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (ქმედება), რომლითაც მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.

განსახილველი საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შესაფასებლად, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ აუცილებელია, პირველ რიგში შეაფასოს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში აქციის მიმდინარეობისას კარვის განთავსების აკრძალვას.

 

გაზიარება