,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი. – ამ სიტყვებით დაიწყო ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარმა საჯარო ლექცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკმა უმასპინძლა. „Fear Group“-ის დამფუძნებელმა საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.
ლექციას ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და პირადი მაგალითების გათვალისწინებით სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას პრაქტიკული რჩევები მისცა, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული საქმიანობა. სტივენ ფეარმა ასევე ისაუბრა, როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “სატელეფონო ყუთის მილიონერს”. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და მასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით.