იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ (უმცირესობის, ასევე ფრაქციის, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში კვოტით) ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ წარმომადგენელი გელა მიქაძე აირჩია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“ განიხილა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები გააცნო.
პროექტის თანახმად: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წლისთვის 4,5%-ით განსაზღვრა, საგადასახადო შემოსავლები 11 200,0 მლნ ლარს შეადგენს, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 2.6%-ის ფარგლებში განისაზღვრება. გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია, როგორც 2019 წელს, ასევე 2020-2022 წლებში, კერძოდ 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%), ხოლო 2022 წლისათვის შემცირდება 21.0%-ზე დაბალ ნიშნულზე.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 281.7 მლნ ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით, ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები – 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 365.0 მლნ ლარს.
პროექტით, კომიტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული უწყებებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი მოცულობის ასიგნებები:
· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის – 4.150 მლნ ლარი;
· საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის – 9.000 მლნ ლარი;
· საერთო სასამართლოებისთვის – 73.000 მლნ ლარი;
· საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის -3.750 მლნ ლარი;
· იუსტიციის სამინისტროსთვის -184.895 მლნ ლარი;
· შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 643.5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250,0 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250,0 ლარით);
· საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250,0 ლარით ზრდისთვის, ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად;
· საქართველოს პროკურატურისთვის – 36.0 მლნ ლარი;
· სახალხო დამცველის აპარატისთვის – 6,4 მლნ ლარი;
· იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 6,4 მლნ ლარი;
· სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის – 2.0 მლნ ლარი.
გიორგი კაკაურიძის განაცხადებით, მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლიდან იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და შესაბამისად, აუცილებელი იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა.
„ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება სამსახურის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო თანხები“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ქვეყნაში დოლარიზაციის შემცირებას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდა ღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი პირის (იურიდიული, ფიზიკური და ინდმეწარმე) 2000 ათას ლარამდე სესხი უნდა გაიცეს ლარში და მისი ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა იკრძალება.
პროექტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში და მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა.
კანონპროექტი თვალისწინებს აზარტული თამაშობების რეკლამის განთავსების მკაცრ რეგულაციას, ცალკეულ შეზღუდვებს და დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას.
კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების