2019 წლის პირველი იანვრიდან 1 და 2-თეთრიან მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდისას, სავაჭრო ობიექტებში ხურდას – 1 და 2 თეთრს აღარ დააბრუნებენ.

ეროვნულმა ბანკმა იანვრიდან ასამოქმედებელი თანხის დამრგვალების მეთოდი დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მოაწერა.

დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას გულისხმობს.

დადგენილების მიხედვით, 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება მეტობით 10-მდე.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 1 და 2-თეთრიანების მიმოქცევიდან ამოღება, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში იყო განმარტებული, განპირობებულია მათი დამზადების მაღალი ღირებულებით.

ნინი მაზიაშვილი

გაზიარება