მათი მტკიცებით, ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი ლევან ყიფიანისა და “ომეგას” მენეჯერების საუბარს.

“აუდიო ფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისაგან, აღებული ერთი ვრცელი აუდიო ფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოირკვა ის მონაკვეთები, რომლებიც უწყვეტად მიმდინარეობს,”- წერია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე ფაილს, ამავე ინფორმაციის მიხედვით, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და ომეგას მენეჯერებს შორის, რომელშიც, როგორც განცხადებაში წერია, “ომეგას” გადასახადების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის.

“ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუდიოჩანაწერი შედგება სამი სექციისაგან, რომლებიც აღებულია ერთი, უწყვეტი ჩაწერით მიღებული აუდიო ფაილიდან. ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა აუდიო ფაილის ის სამი მონაკვეთი, რომლებიც მიმდინარეობს უწყვეტად,”- წერია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ​ამ აუდიო ფაილის მეტა მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერებს შორის საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს. “ზემოხსენებული დასკვნების საფუძველზე ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტიკურობა:

1. ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში და ასევე განმარტავს, რომ „ფონდი“, ანუ „პარტია“ შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50% წილის მფლობელად და ასევე დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია „უფროსი მეგობარი“, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიო ჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სხვადასხვა სექციისგან. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს სახეზე იყო 6-7 სხვადასხვა შეხვედრის აუდიო ჩანაწერის მონტაჟი და რომ თითქოს საუბრის მონაწილეები, კერძოდ კი ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი, გულისხმობდნენ გადაიარაღების ფონდს და არა პარტიას.

2. ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერების საუბრის ამსახველი აუდიო ფაილი, რომელიც ასევე რუსთავი2-ისა და “იბერიას” ეთერში გავიდა, შედგება უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სამი ნაწილისგან, რომლებშიც აზრობრივი წყვეტა არ შეინიშნება,”- წერია განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ.

ასევე “ომეგა ჯგუფის” საქმის ჩანაწერებზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ექსპერტიზის ახალი დასკვნა გამოაქვეყნა. ადვოკატი ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილის მხარემ გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის თხოვნით ბრიტანელ ექსპერტს, მეთიუ ჯეიმს სტივენსს მიმართა. ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჩანაწერები დამონტაჟებულია.

გაზიარება