პარლამენტის წევრი, გიორგი ხატიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომელთა ოჯახებიც გაცვლით პროგრამა, „ღია სამყაროს“ მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს, ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მასპინძლობენ.

შეხვედრაზე გივი მიქანაძე ამერიკული ოჯახების საქართველოს პარლამენტში სტუმრობას მიესალმა და მათ მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა. მისივე განცხადებით, სტუმრები საქართველოს რეგიონებს მოინახულებენ და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.

გაცვლითი პროგრამების დანიშნულებასა და მის მნიშვნელობაზე პროგრამა „ღია სამყაროს“ მონაწილემ, პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ ისაუბრა.

„ასეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა გასაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ, პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ადგილზე ეცნობიან ამერიკული დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს, მათ მნიშვნელობას, მმართველობის ფორმებს. ამავე დროს, სასწავლო პროგრამის პერიოდში, მისი მონაწილეები ამერიკულ ოჯახებში ცხოვრებით, ამერიკულ კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას ეზიარებიან, რაც თავის მხრივ, ხალხთაშორის ურთიერთობების განმტკიცებას და კულტურათაშორის ხიდების მშენებლობას აძლიერებს. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამყარებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.

პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამერიკელ სტუმრებს და ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ უშუალოდ იმ ოჯახს, სადაც გარკვეული პერიოდი პირადად მას ცხოვრება მოუწია, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაცვლით პროგრამებში ამერიკულ ოჯახებს ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაში საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე დაათვალიერეს.

გაზიარება