სტერეოტიპებისა და მის თანმდევ პროცესებთან ბრძოლის საუკუნეში, სამყაროში, საზოგადოება მაინც იყოფა ქალებად და კაცებად. პროფესიები მაინც იყოფა ქალებისა და კაცების პროფესიად – განირჩევა თმის ფერები და ერთმანეთისგან განასხვავებენ სპორტის იმ სახეობებს, რომლებსაც ან ქალს მიაკუთვნებენ, ან მხოლოდ კაცებს უკავშირებენ.

არცისე ბევრი, დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ გააკეთოს რაიმე ისეთი, რასაც 21-ე საუკუნის საქართველოში ჯერ კიდევ „დაუპირისპირდება“ ბევრი. ბოდიბილდინგი, დღევანდელ საქართველოში, სპორტის ის სახეობაა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და ნელ-ნელა იკრებს სპორტსმენებს. არცისე ბევრს მიმდევარს შორის, 26 წლის კატო მელაძე ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ბოდიბილდინგით.

 განათლებით ფსიქოლოგი სპორტსმენი ქალაქ თბილისიდანაა. კატო 20-21 წლის იყო, როდესაც სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ სპორტის სამყაროში. არასდროს უფიქრია, რომ მისით დაკავდებოდა – სისტემური ვარჯიშითა და ამ ვარჯიშის სიყვარულით, დადგა ის დღე, როდესაც მას მომზადება შესთავაზეს. სპორტსმენი შემოთავაზებას დათანხმდა.

ვვარჯიშობდი ჩემთვის, უაზროდ. რასაც მასწავლიდნენ, ზოგადად,ზუსტად იმას ვაკეთებდი. როდესაც შემომთავაზეს, რაღაც სიახლე მინდოდა ცხოვრებაში. თან – ჩემი თავის გამოცდა. ამიტომ ვცადე.ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი კვება და სწორი ვარჯიშია. სწორედ ეს იყო ის, რასაც,უპირველეს ყოვლისა, მივხედე და შევცვალე“.

პირველად, 2014 წლის მაისში გამოვიდა და საჩვენებელი ჩაატარა. მალევე, 2015 წლის მაისში, საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. „თბილისი თაიმსს“ კატო მელაძე პროფესიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ზოგადად, რამდენად პოპულარულია ბოდიბილდინგი საქართველოში?

„მე ვერ დავარქმევდი პოპულარულს. რაღაც ეტაპზე, დაინტერესდა ხალხი, მაგრამ უფრო ვარჯიშით და არა – ბოდიბილდინგით. უმეტესობას დღემდე ჰგონია, რომ თუ ვარჯიშობს, ესეიგი,ბოდიბილდინგითაა დაკავებული“.

როგორც კატო ამბობს, ამ სპორტში ყველაფერს თავის განრიგი აქვს. მნიშვნელოვანია, სწორ რეჟიმში იყოს – ყველაფერს სიზუსტე და ყურადღება სჭირდება – კვებას, ვარჯიშს, დანამატების მიღებას. მისივე თქმით, ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა : „მე მაგალითად ბოლო თვეს მეგობრებსაც ჩამოვშორდი და ოჯახის წევრებიც მერიდებოდნენ. ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი“.

ბოდიბილდინგში, კატოს მწვრთნელად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. სპორტს რაც შეეხება, მიაჩნია, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოში, მის სამომავლო წინსვლას ვერ ხედავს და მას საკმაო დრო სჭირდება იმისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს საქართველოში ისე, როგორც ეს საჭიროა. ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია.

ქალისა და მამაკაცისთვის, ამ სპორტის თანმდევი პროცესები განსხვავდება ერთმანეთისგან?

ძირითადად, სირთულეები თანაბარი ხარისხისაა. იმას გააჩნია, თუ რომელი კატეგორიისთვის მიმდინარეობს მზადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემულობები დიდ სირთულეებთან ასოცირდება.

დღევანდელ საქართველოში, ბევრი ქალია ამ სპორტით დაკავებული?

ვერ ვიტყვი, რომ, დღესდღეობით, ბევრი ქალია ბოდიბილდინგის მიმდევარი. შეიძლება ითქვას, რომ წინ ვარჯიშის კულტმა წამოიწია. ყოველი მეორე ვარჯიშობს და ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ბოდიბილდინგზე ვარჯიშობს J

უახლოეს მომავალში, შეჯიბრზე გასვლას გეგმავ. რა არის, ამ დროს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი შენთვის, როგორც მონაწილისთვის?

ამა წლის 27 ოქტომბერს, იმართება თბილისის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მეც ვიღებ. კონკურენციას, ძირითადად, არ ვანიჭებ უპირატესობას. ჩემთვის და ყველა ნამდვილი სპორტსმენისთვის მთავარია, საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ. დანარჩენი იქ მეორეხარისხოვანია.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება